192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
კვიპროსის პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი საქართველოში - რაზე ისაუბრა ანასტასიადისმა თბილისში
2019-04-19 11:30:09

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, საქართველომ და კვიპროსმა ჩვენს ქვეყანაში ნიკოს ანასტასიადისის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ სამ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

კვიპროსის დელეგაციის შეხვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისში, ავლაბარში ყოფილ პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. იქვე შედგა ანასტასიადისისა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ორმხრივი შეხვედრა, შემდეგ კი შეხვედრა გაფართოებული ფორმატით.

რაც შეეხება შეთანხმებებს, მხარეებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების შესახებ დოკუმენტებს სოფლის მეურნეობის სფეროში; თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროში; ასევე შეთანხმებას საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და მისი ორმხრივად დაცვის შესახებ.

ეს ურთიერთობები უკვე განვითარებულია სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში თქვენი ვიზიტი გახდება კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი ურთიერთობების განვითარებისკენ“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ მომეცა შესაძლებლობა, 27-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში პირველად ჩამოვსულიყავი საქართველოში. ჩვენ გვაქვს საშუალება, განვიხილოთ, როგორი ურთიერთობები გვექნება და როგორ განვავითარებთ სექტორულ თანამშრომლობას“, - აღნიშნა ანასტასიადისმა.

მისი სიტყვებით, კვიპროსი საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევს და მის მხარდაჭერას გააგრძელებს.

ხუთშაბათს დელეგაცია ანასტასიადისის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს პირველ ქართულ-კვიპროსულ ბიზნესფორუმში.

იმედი მაქვს, ხვალინდელი ბიზნესფორუმი, რომელიც პირველად გაიმართება და რომელსაც ჩვენ ერთად დავესწრებით, ქალბატონო პრეზიდენტო, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნების როგორც ეკონომიკური, ისე საინვესტიციო თანამშრომლობისთვის, ჩვენი ორი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის“, - განაცხადა ანასტასიადისმა.

მან აღნიშნა ასევე, რომ ქართველებს კვიპროსის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კვიპროსზე ცხოვრობენ, აქტიურად მონაწილეობენ კვიპროსის განვითარებაში არა მხოლოდ კულტურული, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც. აღვნიშნავ, რომ ქართველები კვიპროსში X საუკუნიდან ცხოვრობენ“, - განაცხადა ანასტასიადისმა.

პრეზიდენტის სიტყვებით, საქართველოს საჩუქრად გადაეცა მიწა, რომელიც ღვთისმშობლის სახელობის უძველესი ქართული სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

ღვთისმშობლის ჟალიის (ღალიის) სამონასტრო კომპლექსი კვიპროსის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ტროოდოსის მიდამოებში, XI საუკუნეში აშენდა. მონასტერმა, სადაც ქართველი ბერები ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ, სავარაუდოდ, არსებობა XVI საუკუნის მიწურულს შეწყვიტა, ოსმალეთის იმპერიის მიერ კვიპროსის დაპყრობის შემდეგ. შედეგად, დღემდე ტაძრისგან მხოლოდ ნანგრევებმა მოაღწია.

არქეოლოგიური და სარესტავრაციო სამუშაოები 2006 წლიდან მიმდინარეობს. ორი ქვეყნის სპეციალისტების ერთობლივი ძალისხმევით მთელი ტერიტორია გაიწმინდა. სამუშაოებს ორივე მხარე აფინანსებდა: საქართველოს მხრიდანქართუფონდმა კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება იკისრა, კვიპროსის ხელისუფლებამ კი თანხა გამოყო ძეგლის კონსერვაციისთვის.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო და კვიპროსი პატარა ქვეყნებია, მაგრამ დიდი ისტორიული და კულტურული წარსულით. ორივეს, მისი სიტყვებით, აქვს ტრადიციული პრობლემები და მათი გადაწყვეტა საქართველოს მხოლოდ მშვიდობიანი გზით ესახება.

საქართველოსა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა. საქართველოს საელჩო კვიპროსში 2005 წელს გაიხსნა.