192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება მოსამართლეების შერჩევის წესთან, პანკისში განვითარებულ პროცესებთან და მოზარდის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით
2019-04-23 13:09:30

,,მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მინდა, გამოვეხმაურო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესს.

 

ჩემ მიერ პარლამენტში წარმოთქმულ საპრეზიდენტო სიტყვაში გამოვხატე პოზიცია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უნდა ემყარებოდეს ისეთ კრიტერიუმებს, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და, ამავე დროს, უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ერთ მიზანს - არჩეულ იქნას საზოგადოების ძლიერი ნდობით აღჭურვილი, მაღალი რეპუტაციის მოსამართლეები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ შეიმუშავა 5 ძირითადი რეკომენდაცია.

პირველ ეტაპზე მხოლოდ ერთი რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული, რომელიც ეხებოდა მოსამართლეების გამოცდის გაუქმებას. ამ ცვლილებამ, ჩვენი აზრით, ვერ მოახერხა ვერც დაძაბული სიტუაციის განმუხტვა, ვერც - სასამართლოს ნდობის გაძლიერება შექმნილ გარემოში და ვერც ვენეციის კომისიის ძირითად ევროპულ  პრინციპებს აკმაყოფილებდა. 

ამ შეფასებიდან გამომდინარე, ჩავერთეთ მეორე მოსმენის პროცესში და ჩავატარეთ კონსულტაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ამ კონსულტაციების შედეგი მიღწეულია: დამატებით გათვალისწინებულ იქნა 3 რეკომენდაცია.

პირველი - მოსამართლეობის კანდიდატებზე მიღებული იქნა სრული პერსონალური ინფორმაციის გაცემის საშუალება;

მეორე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც იმავე დროს არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ვეღარ ისარგებლებს სხვა კანდიდატის შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის ვერც ერთ ეტაპზე;

მესამე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესი. თავმჯდომარის წარდგენა შეუძლია ერთის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ წევრს.

ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც არ იქნა ამ 5 ძირითადიდან გათვალისწინებული, ეხება მოსამართლეთა არჩევის ფარული კენჭისყრის წესს.

უნდა აღვნიშნო, რომ ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია ქმნის ერთგვარ უხერხულობას, რადგან 2014  წელს სწორედ ფარული კენჭისყრა იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.

მჯერა, რომ განხორციელებული ცვლილებები  ხელს შეუწყობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფრო ღია, გამჭვირვალე, ობიექტურ, მიუკერძოებელ შერჩევას და იგი დადებითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობის ამაღლებაზე.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის მოსაზრებას, რომელიც ეხება დასანიშნი მოსამართლეების ნაწილის გამწესებას თანამდებობებზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში, ვფიქრობ, რომ ეს უფრო პოლიტიკური მოსაზრებაა, ვიდრე სამართლებრივი.

იმედი მაქვს, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის შედეგად საქართველო მიიღებს ისეთ მართლმსაჯულების სისტემასა და მოსამართლეთა კორპუსს, რომლის თითოეული წევრის მაღალი პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს განსახილველ საქმეებზე კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილებების გამოტანას. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ ამაღლდეს საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ, რომელიც ჩვენი ერთობლივი მიზანია.

მინდა გამოვთქვა კმაყოფილება  და პარლამენტის თავმჯდომარესთან ამ კონტსრუქციული ურთიერთობისა და მასთან ჩატარებული კონსულტაციების შედეგების შესახებ.

ასევე, მინდა გამოვეხმაურო პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს.

პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ პოლიციელებზე ძალადობრივი ქმედება ნებისმიერ სახელმწიფოში მიუღებელია. მით უმეტეს, მიუღებელია ეს სახელმწიფოში, რომელსაც აქვს ოკუპირებული ტერიტორიები და რომლისთვისაც საზღვრების დაცულობა და სტაბილურობა სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა.

მისასალმებელია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა ხეობაში ვითარების დამშვიდება.

რაც შეეხება შექმნილი დაძაბულობის ერთ-ერთ მიზეზს - ჰესის მშენებლობას:

მინდა ხაზი გავუსვა - ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური წინსვლა, მაგრამ, ამავე დროს, აუცილებელია, ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილებას ამყარებდეს სრული გეოლოგიური კვლევა, საფრთხეების კომპლექსური შეფასება და საზოგადოების ჩართულობა.

ვიმედოვნებ, რომ მომავალში სწორედ ამ კრიტერიუმებით ვიმოქმედებთ და ასე განვახორციელებთ სახელმწიფოს გაძლიერებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს.