192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
თბილისში მეცნიერებათა ევროპული აკადემიის რეგიონული ცენტრი გაიხსნა
2019-04-26 07:32:31

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა ევროპული აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი გაიხსნა, აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველო პირველი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანაა, სადაც აღნიშნული ცენტრი ამოქმედდა. იგი საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას ევროპის მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სივრცესთან დაახლოებაში დაეხმარება.

ევროპული აკადემია (Academia Europaea) 1988 წელს ევროპის ნაციონალური აკადემიების ინიციატივით დაარსდა. იგი აერთიანებს გამოჩენილ მეცნიერებს მთელი მსოფლიოდან და მოიცავს ყველა კვლევით მიმართულებას.

თბილისის ცენტრის გახსნას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. მისი სიტყვებით, განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გადალახვისკენ.

ვფიქრობთ, რომ იმ პოტენციალის, რომელიც არის საქართველოში, ჩვენს ღვაწლმოსილ და ახალგაზრდა მეცნიერებში, ფაქტობრივად, 2-3 პროცენტს ვერ ვიყენებთ. ამასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის სტრატეგია გახლავთ ის, რომ საქართველო უნდა გახდეს რეგიონული ცენტრი და ლიდერი. ბუნებრივია, ეს ჩვენ წარმოგვიდგენია მხოლოდ განათლებასთან ერთად და იმასთან ერთად, რომ საქართველომ დაიბრუნოს განათლების კერის სტატუსი რეგიონში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

თბილისის ცენტრი ევროპული აკადემიის რეგიონული ქსელის მეხუთე წევრია.

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის სიტყვებით, მეცნიერების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი განისაზღვრა, კერძოდ, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის სისტემასთან მეტი ინტეგრაცია, ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობა, მეცნიერების დაფინანსების მოქნილი და ეფექტური სქემების შემუშავება და სამეცნიერო კვლევების შედეგების კომერციალიზაცია.

განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმის პროცესში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიაკადემია ევროპეასრეგიონული ცენტრის გახსნას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ამ საგანმანათლებლო ჰაბს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განსაკუთრებული მხარდაჭერა ექნება“, - აღნიშნა ირინა აბულაძემ.

როგორც მანამდე განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, ასეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი უზარმაზარი აღიარება ქართული მეცნიერებისა ევროპული აკადემიური საზოგადოების მხრიდან.

განათლების სამინისტროში დარწმუნებული არიან, რომ ევროპული აკადემიის რეგიონული ცენტრი საქართველოში გზას გაუხსნის ქართველ მკვლევარებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს საერთაშორისო ასპარეზზე და ხელს შეუწყობს კვლევითი პოტენციალისა და მეცნიერების განვითარებას რეგიონში.

საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა მოამზადეს რეფორმის ათი პაკეტი, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს. რეფორმა ოთხ წელიწადს გაგრძელდება და მიმართული იქნება იმისკენ, რომ საქართველო საგანმანათლებლო ცენტრად გადაიქცეს და რეგიონში ამ სფეროს ლიდერად ჩამოყალიბდეს. განათლების რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი სკოლებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაა.