192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მრავალ ახალ წელს!
2019-01-01 10:04:14

ფეხი  შემოაბიჯა  ახალმა  2019 წელმა. სომხეთის საზოგადოებრივი  რადიო გილოცავთ ამ დღესასწაულს გისურვებთ  თქვენი მიზნების წარმატებით განხორციელებას, სიკეთესა და ულევ სიყვარულს!   სომხეთში მცხოვრები ქართველებიც არ ვყოფილვართ გამონაკლისები და დიდი ენთუზიაზმით შევეგებეთ ამ საყოველთაო დღესასწაულს, ზოგი ოჯახში  -საზეიმოდ გაშლილ მაგიდასთან, ზოგიც  - მდიდრულ რესტორანში, ზოგიც - სულ ქუჩაში, სადაც საახალწლო  ნაძვისხესთან  დიდი თავშეყრა და საზეიმო განწყობა სუფევს.   ჩვენ როგორც  სომხეთის მოქალაქეები, მთლიანად ვართ ინტეგრირებული სომხეთის პოლიტიკურ-კულტურულ  ცხოვრებაში, მაგრამ არასდროს არ გვავიწყდება ჩვენი ქართული წარმომავლობა, ჩვენი ეროვნული კუთვნილება. ამიტომაც ვცდილობთ ხშირად შევიკრიბოთ ქართულ სათვისტომო „ივერიაში“  და  ერთმანეთი მოვიკითხოთ  ჩვენი ტკბილი ენით.  გასული წლის ბოლო დღეებში ასეთი შეხვედრა გაიმართა ახალი წლისა და შობის აღსანიშნავად.   სააქტო დარბაზში შეკრებილებს არ დაჰკლებიათ ქართული ცეკვა და სიმღერა  ქართული სათვისტომოს   ნორჩი მსახიობების  შესრულებით, არც საჩუქრებით დატვირთულ თოვლის პაპას შეურცხვენია თავი და ბავშვები საჩუქრებით გაახარა. საყოველთაო მხიარულებაში  ჩვენი კორესპოდენტის მახვილ თვალს  სათვისტომოს უხუცეს წევრთა შორის მყოფი ქალბატონი ლამარა ტურიაშვილი არ გამორჩენია და  მას  მიმართა შეკითხვებით, თუ როგორ ხვდება ახალ წელს და რას უსურვებს ჩვენს  მსმენელებს.

-   ახალ წელს ვხვდები ისე, როგორც  ყველა დანარჩენი ჩვენი მოქალაქეები: დიდი იმედებით და სადღესასწაულო განწყობით.  უკვე მზად მაქვს  მრავალი ნუგბარი, რითაც მინდა გავახარო ჩემი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები.  პირველ რიგში გავამზადე გოზინაყი და ჩურჩხელები (აბა, მათ გარეშე რა ახალი წელია. იცინის). არ მავიწყდება, აგრევე სომხური კერძებიც, რომლის მომზადებაც და დაგემოვნებაც ძალიან მიყვარს.   რაც შეეხება  სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს ქართულ ენაზე გადაცემებს, მართლაც მისასალმებელია. ეს გადაცემა ხელს უწყობს  სომხეთ-საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას. თქვენს მსმენელებს კი ვუსურვებ უღრუბლო, მშვიდობიან ცას და ახალ-ახალ წარმატებებს.