192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
გილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს
2019-01-07 11:59:17

გილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ქრისტეშობის მადლი შეეწიოს ჩვენს ქვეყანას. მუდამ დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა.

შობის დღესასწაული მართლმადიდებლური სამყაროს უდიდესი და გამორჩეული მოვლენაა, საქართველო ტრადიციულად 7 იანვარს აღნიშნავს მაცხოვრის შობას.

გადმოცემის თანახმად,  ამ დროს ისრაელის ქვეყანა ცალკე სამეფოს აღარ შეადგენდა და ემორჩილებოდა რომის იმპერატორს, ანუ კეისარს. მაშინდელმა კეისარმა მოინდომა, შეეტყო, რამდენი სული მცხოვრები იყო მის საბრძანებელში. ამისთვის გასცა ბრძანება: ყოველი ჩემი ქვეშევრდომი გამოცხადდეს იმ ქალაქში, რომელსაც ეკუთვნოდნენ მისი წინაპარნი, და იქ ჩაეწეროსო.

იოსები და მარიამი მეფე დავითის შთამომავალნი იყვნენ. ხოლო ამ მეფის სამშობლო ქალაქი იყო ბეთლემი. ამიტომ იოსები და მარიამი ნაზარეთიდან ბეთლემს უნდა წასულიყვნენ და იქ ჩაწერილიყვნენ.

გზაზე დაუგვიანდათ და მხოლოდ ბინდისას მივიდნენ ბეთლემში. ქალაქი მთლად გავსებული დახვდათ მოსული ხალხით და ბინა ვეღარ იშოვეს. ადგნენ, ქალაქის განაპირას გავიდნენ და შეეფარნენ გამოქვაბულს, სადაც მწყემსებს საქონელი შეუდიოდათ ავდრის დროს.

სწორედ ამ ღამეს დაუდგა მარიამს დრო მშობიარობისა. შვა ძე, შეახვია და ჩააწვინა ბაგაში. ამგვარი სახით აღსრულდა წინასწარმეტყველის სიტყვა, რომელიც ამბობდა, ქრისტე ბეთლემში დაიბადებაო.

ამით დამთავრდა ძველი აღთქმის ჟამი და აღსრულდა წინასწარმეტყველთა მიერ ნაუწყები.

უფალი, რომელსაც ელოდა მთელი კაცობრიობა და რომლის შესახებაც წერდნენ წინასწარმეტყველნი, ყოვლად შეუმჩნეველი საოცარი სიმდაბლით მოევლინა ამ ქვეყანას.

ქრისტეს შობა უდიდესი მოვლენაა, დღესასწაულთა დღესასწაულია, რომელმაც საფუძველი დაუდო ახალ ერას. ამ სოფლად მოვლინებით მაცხოვარმა დაადასტურა თავისი უდიდესი სიყვარული და მოწყალება ადამის ცოდვით დაცემული მოდგმისადმი, კაცობრიობას ცოდვასთან ბრძოლის ძალა მისცა, შეარიგა ისინი ღმერთთან.

შობა არის ადამიანისადმი ღვთის უსაზღვრო სიყვარულისა და მისთვის თავგანწირვის გამოვლინება, აქტი ღვთისა და კაცის შეერთებისა.

დღესდღეობით შობას საქართველოში მშვიდ გარემოში აღნიშნავენ. ამ დღესასწაულს ყველა საშობაო ალილოთი ეგებება. საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული იყო ტრადიცია - მამაკაცებისგან შემდგარი გუნდი ჩამოივლიდა უბნებს და სიმღერით ულოცავდა შობის დღესასწაულს. მახარობლებს ოჯახის დიასახლისი ჩურჩხელით, ხილით და სხვადასხვა პროდუქტით ასაჩუქრებდა. ძირითადად ეს იყო პური, შაქარი და კვერცხი. მოგვიანებით მამაკაცები ბავშვებმა შეცვალეს. ძღვენს კი ჩურჩხელასთან ერთად დაემატა ფული და სხვა სახის ტკბილეული.

XX საუკუნეში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, რამოდენიმე ათეული წლის მანძილზე, ალილოს ტრადიცია დავიწყებას მიეცა, თუმცა ბოლო წლებში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით კვლავ აღდგა. აქედან მოყოლებული ყოველი წლის შობა დღეს, სადღესასწაულო ლიტურგიის დამთავრების შემდეგ ქალაქის ქუჩებში ინაცვლებს ქრისტეშობის მოზეიმეთა სიხარული.

ალილოს საზეიმო პროცესიას წინ სამღვდელოება მიუძღვის და შობის ხატს, საწინამძღვრო ჯვრებს და დროშებს მიაბრძანებს. მათ მგალობლები, მორწმუნეები მიჰყვებიან და გზადაგაზა შესაწირს, სურსათ-სანოვაგეს, ტკბილეულს აგროვებენ, რომელსაც მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლებს გადასცემენ. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში სრულდება.

ქრისტეს შობა უდიდესი მოვლენაა, დღესასწაულთა დღესასწაულია, რომელმაც საფუძველი დაუდო ახალ ერას. ამ სოფლად მოვლინებით მაცხოვარმა დაადასტურა თავისი უდიდესი სიყვარული და მოწყალება ადამის ცოდვით დაცემული მოდგმისადმი, კაცობრიობას ცოდვასთან ბრძოლის ძალა მისცა, შეარიგა ისინი ღმერთთან.

      ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 7 იანვარს ერევნის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში საშობაო ლიტურგია ჩატარდა. საზეიმო ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ალექსანდრე შკარბანენკომ აღავლინა, მრევლი დალოცა და ქრისტეშობა მიულოცა.