მცხეთის ჯვრის მონასტერი 14 იანვრის შემდეგ მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის იყო დახურული
მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა, ამის შესახებ იუწყება სპუტნიკი საქართველო.
მცხეთაში ჯვრის მონასტერი წინამძღვრის, მამა კონსტანტინეს (ჭინჭარაული) გადაწყვეტილებით მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის 14 იანვარს დაიკეტა. გავრცელებული ინფორმაციით, მონასტრის დაკეტვის მიზეზი მის სიახლოვეს არსებული მოუწესრიგებელი გარევაჭრობა გახდა. ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვა მონასტრის წინამძღვარის მოთხოვნა იყო.
მცხეთის მერის გიორგი კაპანაძის განცხადებით, საპატრიარქოსთან შეთანხმება მიღწეულია. მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის მოწესრიგებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს. კერძოდ, დაიდგმება სპეციალური დახლები და მოვაჭრეების საქმიანობა უფრო ცივილიზებულ ფორმებს მიიღებს.
მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების იმედი აქვთ თავად მონასტრის სასულიერო პირებსაც. მამა დანიელის განცხადებით, მონასტერში ღვთისმსახურება დილიდან ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და ის ღიაა მრევლისთვის და ვიზიტორებისთვის.