192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ქართული საპყრობილეები საერთაშორისო დამნაშავეებს მიიღებენ
2019-01-25 12:28:42

საქართველომ ჰააგის სასამართლოსთან შეთანხმება დიდი ბრიტანეთის, ავსტრიის, ბელგიისა და სხვა ევროპული ქვეყნების კვალდაკვალ მოაწერა

"სპუტნიკი საქართველოს"  ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჰააგის სასამართლოს სასჯელების აღსრულების შესახებ, ანუ საერთაშორისო დამნაშავეები სასჯელის მოხდას საქართველოში შეძლებენ, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე.

შეთანხმება დაფუძნებულია . . ორმაგი თანხმობის სისტემაზე: პირველ ეტაპზე სახელმწიფო აცხადებს ზოგად თანხმობას, ჩაერთოს ჰააგის სასამართლოს მიერ პირთათვის მისჯილი სასჯელების აღსრულების სისტემაში შეთანხმების დადებით, მეორე ეტაპზე კი, სახელმწიფოს რჩება უფლება კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვროს სასამართლოს მიერ სასჯელშეფარდებული პირის სასჯელის აღსრულების მიზნით საკუთარ ტერიტორიაზე მიღების მიზანშეწონილობის საკითხი თანხმობის ან უარის განცხადების გზით.

დღეისათვის ჰააგის სასამართლო იხილავს შესაძლო დანაშაულებს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, უგანდაში, სუდანში, კოტ დი-ვუარესა და ცენტრალურ აფრიკაში.

ამ ეტაპზე ჰააგის სასამართლოს არ აქვს სასჯელის აღსრულებისათვის ქართული პენიტენციური სისტემის გამოყენების საჭიროება.

ვითარების შეცვლის შემთხვევაში, საქართველოს პენიტენციურ სისტემას უკვე შეეძლება, დახმარება გაუწიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და სასჯელშეფარდებული პირები საკუთარ ტერიტორიაზე მიიღოს", - ნათქვამია განცხადებაში.

იუსტიციის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ხელმოწერილი შეთანხმება წარმოადგენს პენიტენციური სისტემის აღიარებას და ამასთან აძლიერებს საქართველოს როლს საერთაშორისო მართლმსაჯულებაში.

ჰააგის სასამართლოს მსგავსი შეთანხმება გაფორმებული აქვს ავსტრიასთან, ბელგიასთან, დანიასთან, ფინეთთან, ნორვეგიასთან, სერბეთთან, შვედეთთან და დიდ ბრიტანეთთან.

ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოში სასჯელაღსრულების სისტემამ სერიოზული რეფორმები განიცადა. სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულება დაყოფილია მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების კატეგორიების მიხედვით. ციხეებში გარანტირებულია პაემანი, მათ შორის ონლაინ, მოქმედებს ციხის მაღაზიების ქსელი, მსჯავრდებულებს საშუალება ეძლევათ მუშაობის ან პროფესიის დაუფლების. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ ისარგებლონ უფასო სამედიცინო მომსახურებითა და ბიბლიოთეკით.