192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
2014 წლის პირველ მარტამდე გაცემულ C, CE, D, DE კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს დღეიდან ძალა ეკარგება
2019-03-01 13:00:23

მიმდინარე წლის პირველი მარტიდან იურიდიული ძალა ეკარგება საქართველოში 2014 წლის პირველ მარტამდე გაცემულ C, CE, D და DE კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს. ამის შესახებ აუწყებს საქართველოს პირველი არხი. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირს, ვისაც ამ დროის განმავლობაში აღნიშნული კატეგორიების მართვის მოწმობა არ გაუახლებია, დღეიდან შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღარ აქვს.

მოქალაქეებს, რომლებმაც 2014 წლის პირველ მარტამდე გაცემული C, CE, D და DE  კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობის შეცვლა ვერ მოახერხეს, 2019 წლის პირველი მარტიდან მართვის მოწმობის განახლება მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში, კანონით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ, ჩვეულებრივ შეეძლებათ.

მართვის მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში უნდა წარადგინოს: ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; არსებული მართვის მოწმობა.

აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, ხოლო დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში – 35 ლარი.

დღეიდან მომსახურების სააგენტო წყვეტს მუშაობის სპეციალურ რეჟიმს და სააგენტოს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში მართვის მოწმობის შეცვლა სტანდარტულ სამუშაო საათებში განხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე – 032 2 41 91 91, ონლაინ ჩატში ან სააგენტოს “ფეისბუქგვერდზე“.

შეგახსენებთ, რომ საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის შესაბამისად, 2014 წლის პირველი მარტიდან მართვის მოწმობები გაიცემა განსაზღვრული ვადით, კერძოდ: „A“,  „B“, „BE“, T, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობა გაიცემა 15 წლის ვადით, ხოლო „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“,  „D1“ და „D1E“ კატეგორიების და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობების ვადა განისაზღვრა ხუთი წლით.