192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საგარეო ბრუნვა: რას ყიდის და ყიდულობს საქართველო
2019-03-20 14:21:19

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2019 წლის იანვარ-თებერვალში, 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 3,6%-ით გაიზარდა და 1,7 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, აღნიშნულია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის - „საქსტატის" მასალებში.

მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ქართული პროდუქციის ექსპორტი, გასული წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, 13,2%-ით გაიზარდა და 505 მილიონი დოლარი შეადგინა.

წლის დასაწყისიდან ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 342,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 5,2%-ით მეტია.

იმპორტმა 2019 წლის დასაწყისიდან 1,2 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, ანუ 0,1%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის იანვარ-თებერვალში.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის დასაწყისიდან შეადგინა 730 მლნ დოლარი, რაც მთელი საგარეო ბრუნვის 41,9%-ია.

რას ყიდის საქართველო

 

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ — სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.

ამ პერიოდში ღვინის ექსპორტი გაიზარდა 25,2%-ით, სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების —4,3%-ით, ფეროშენადნობების – 4,7%-ით, მსუბუქი ავტომობილების — 47,8%-ით, სამკურნალო საშუალებების – 66%–ით და სხვ.

რას ყიდულობს საქართველო

საქართველოში შემოაქვთ ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის გაზი და აირადი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.

სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების იმპორტი 2019 წლის პირველ ორ თვეში გაიზარდა 16,6%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 2,8%-ით, მედიკამენტების – 52,3%-ით და სხვ.

ამავე პერიოდში შემცირდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 7,1%-ით, მხუბუქი ავტომობილების – 5,7%-ით.

ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველოს ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორებად 2019 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი — წლის პირველ ორ თვეში ამ ქვეყნებთან ბრუნვამ დაახლოებით 621,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის დაახლოებით 35,7%-ს შეადგენს.

საგარეო სავაჭრო ბრუნვის მხრივ ლიდერობს თურქეთი. თურქეთთან ბრუნვამ აღნიშნულ პერიოდში დაახლოებით 233,6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,4%-ია; სავაჭრო ბრუნვა ამ პერიოდში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 4,1%-ით შემცირდა.