192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
გიორგი მარგველაშვილი საკუთარი სახლის ეზოში კოტეჯს აქირავებს
2019-03-25 08:00:33

საქართველოს ექს-პრეზიდენტი, კოტეჯის გარდა, უცხოელ ტურისტებს საკუთარი ხელით მოყვანილ კარტოფილსა და პომიდორს შესთავაზებს

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით,  საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტურიზმით დაკავდა - დღე-ღამეში 80 დოლარად ტურისტებს სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის ხელით აშენებულ სახლში ღამის გათენება შეუძლიათ, იუწყება Rustavi2.

მარგველაშვილმა კოტეჯი დუშეთში, საკუთარი სახლის ეზოში თავისი ხელით ააშენა. კოტეჯის გაქირავების შესახებ განცხადება განთავსებულია ონლაინ გაქირავების საერთაშორისო ვებგვერდ airbnb.com-ზე, რომელსაც მილიონობით მნახველი სტუმრობს. 4 ივნისამდე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედეებს. გაქირავების პროცესს პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი კურირებს.

პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, ალტერნატიული შემოსავლის ძებნაში ოჯახმა კოტეჯის გაქირავება გადაწყვიტა. ის ჯერ კიდევ მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს აშენდა. მის მოწყობაზე პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ იზრუნა.

ჟურნალისტის შეკითხვის შემდეგ დანაზოგების შესახებ ექს-პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მას პრეზიდენტობის დასრულების მომენტში სულ 6 ათასი ლარი ჰქონდა. აღიარა, რომ პრეზიდენტის პოსტს მისთვის არანაირი ფინანსური სარგებელი არ მოუტანია.

მე მგონია, ფულის ნაწილში ვარ ქრისტიანი, ჯერ ერთი რაც მაქვს, და ყოველთვის ცოტა მაქვს, ყოველთვის ყველაფერს ვხარჯავ და იმედი მაქვს ღმერთის“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

კოტეჯისკენ მიმავალი ბილიკი მარგველაშვილის ბოსტანზე გადის. ექს-პრეზიდენტი სტუმრებს სადილზე გაუმასპინძლდება საკუთარი ხელით მოყვანილი ბოსტნეულით. დესერტზე კი ტურისტებს შეუძლიათ გააგემოვნონ ბროწეული, რომლის ნერგები ექს-პრეზიდენტს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აჩუქა, მაკა ჩიჩუამ კი სახლის ეზოში დარგო. სათესლე კარტოფილი მარგველაშვილს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ აჩუქა.

გიორგი მარგველაშვილის კარტოფილის მოსავალი

ეს იცით როგორი სახალისოა, როდესაც იცი, როგორი იქნება პომიდორი, როგორი ჯიშის კარტოფილია. უკვე დიდი ხანია აქ ვცხოვრობთ და ათვისებული გვაქვს ყველაფერი. ასე რომ, გვინდა ეს ყველაფერი გავაზიაროთ“, - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

კოტეჯს, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი და მისი მეუღლე შტაბს ეძახდნენ, სტუმრიანობის დროს ბავშვების ხმაურისგან დასაცავად იყენებდნენ. ახლა კი მან ახალი ფუნქცია - დამატებითი შემოსავლის მისაღებად შეიძინა.

ენერგოეფექტური კოტეჯი მარგველაშვილმა ორი წლის წინ ააშენა. ავეჯი საკუთარი ხელით გააკეთა, ხოლო ინტერიერი მის მეუღლეს ეკუთვნის.

ონ-ლაინ დაჯავშნის ვებგვერდზე არსად არ წერია, რომ კოტეჯი საქართველოს ექს-პრეზიდენტს ეკუთვნის. ეს სტუმრებისთვის სიურპრიზი იქნება.

ტურისტები ექს-პრეზიდენტის სახლის ეზოში აუცილებლად შენიშნავენ წმინდა გიორგის ბარელიეფს, რომელიც მარგველაშვილს ფერეიდნელმა ქართველებმა აჩუქეს.

საკუთარი სახლი დუშეთში მარგველაშვილმა 2004 წელს 2500 დოლარად შეიძინა.

მარგველაშვილი არ გრძნობს რაიმე ნოსტალგიას იმ პერიოდზე, როდესაც პრეზიდენტი იყო, მაგრამ ამაყია, რომ იყო იმ ქვეყნის მეთაური, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს.