192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
„პროფგანათლება უმუშევრობას დაძლევს“ - ბახტაძე სიახლის შესახებ
2019-03-29 09:20:53

საქართველოს ხელისუფლება ატარებს განათლების რეფორმას, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას პროფესიული სასწავლებლების განვითარება წარმოადგენს

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება დაიწყებს კერძო პროფესიული სასწავლებლების დაფინანსებას, რაც ხელს შეუწყობს უმუშევრობასთან ბრძოლას, განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობაში მიაჩნიათ, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის უმუშევრობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. „საქსტატისმონაცემებით, 2018 წელს უმუშევრობის დონე 1,2 საპროცენტო პუნქტით შემცირდა და 12,7%- გაუტოლდა. თუმცა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას განცხადებით, უმუშევრობის დაბალი დონე ქვეყანაში რეალურ ვითარებას არ ასახავს. ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ უმუშევრობის შემცირების ტემპის დაჩქარების მიზნით 2025 წლამდე ყოველწლიურად 50-60 ათასი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას.

განათლების რეფორმაში, იმ ეროვნულ იდეაში, რომელიც დაგვეხმარება ყველა გამოწვევის დაძლევაში, პროფესიულ განათლებას განსაკუთრებული ადგილი და როლი აქვს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვან ნაბიჯს გადავდგამთ იმ ძალიან მტკივნეული გამოწვევის დაძლევის გზაზე, რომელიც უმუშევრობას უკავშირდება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

აქამდე ხელისუფლება აფინანსებდა მხოლოდ სახელმწიფო პროფსასწავლებლებს, რაც არ იყო საუკეთესო პრაქტიკა, აღნიშნა პრემიერმა.

ჩვენ ვახორციელებთ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც დაფინანსდებიან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები... საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, ეს სასწავლებლები მიიღებენ ვაუჩერულ დაფინანსებას. აქედან გამომდინარე, კერძო პროფესიულ სასწავლებლებში გამოცდების ეროვნული ცენტრის გამოცდების შედეგებით ჩარიცხული სტუდენტები სახელმწიფოს მხრიდან ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებენ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კერძო პროფსასწავლებლების სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლის გარდა, ასევე იგეგმება პროფესიული სასწავლებლების პედაგოგების ხელფასების 30%-იანი ზრდა.

გარდა ამისა, პრემიერმა აღნიშნა, რომ ახალი მოდელი კერძო და სახელმწიფო სექტორის დაახლოებას შეუწყობს ხელს.

ჩვენ პროფესიული სწავლების მიმართულებით ვეყრდნობით გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის გამოცდილებას, რომელთაც ძლიერი პროფესიული განათლების სისტემის შექმნა სწორედ სახელმწიფო და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობით შეძლეს. მათი ეკონომიკის უკან იდგა ეს რეფორმა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეფორმა მნიშვნელოვნად დაგვეხმარება იმ გამოწვევების დაძლევაში, რომლებიც ჩვენი ეკონომიკის წინაშე დგას“, - აღნიშნა მან.

ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავარი პრიორიტეტი იქნება განათლების ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც ახალგაზრდების დასაქმებას უზრუნველყოფს.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს პროფესიული სწავლების ისეთი სისტემა, რომელიც პროფესიული სასწავლებლის დასრულების შემდეგ ახალგაზრდების მყისიერ დასაქმებას უზრუნველყოფს. ასეთი სასწავლებლები ვაუჩერულ დაფინანსებას მიიღებენ. სასიხარულოა, რომ უფრო და უფრო მეტი კომპანია ცდილობს, აქტიურად იყოს ჩართული პროფესიულ სწავლებაში“, - განაცხადა ბახტაძემ.

განათლების რეფორმა

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ის მოიცავს ყველა მიმართულებას და პროფესიული სასწავლებლების განვითარება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოში პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების ატესტატს გაუთანაბრდება.

საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს (9 კლასი) საშუალება მიეცემათ, პროფესიის შესწავლის პარალელურად სრული ზოგადი განათლება მიიღონ. სურვილის შემთხვევაში კი ამავე დიპლომით უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას შეძლებენ. რეფორმის განხორციელება ეტაპობრივად მაისიდან დაიწყება.

ამას გარდა, სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს (12 კლასი) შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც შემუშავებულია დამსაქმებლების მონაწილეობით.

დაინერგება გადამზადების მოკლევადიანი კურსები იმ პირთათვის, ვინც სკოლა დიდი ხნის წინ დაამთავრა, მაგრამ სურს პროფესიული განათლების მიღება. ამისათვის შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიები იქნება გათვალისწინებული.

ასევე დაინერგება არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმები, რაც გულისხმობს პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობას, გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას.

რეფორმის ფარგლებში პროფესიულ სასწავლებლებში გაძლიერდება სამეწარმეო განათლება და ინოვაციური სწავლება. განვითარდება მაღალტექნოლოგიური ცენტრები (EXCELLENCE CENTERS), რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომავლის პროფესიების შესწავლას და ტექნიკური, ციფრული, სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

პროფესიული განათლების დარგში ყველა ცვლილება კერძო სექტორის ჩართულობით განხორციელდება.