192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
გიორგი დანელია: გზა არქიტექტორობიდან გენიალურ კინორეჟისორობამდე
2019-04-04 16:49:01

დიდმა რეჟისორმა გიორგი დანელიამ კინემატოგრაფში ახალი მიმართულება შექმნა —  ლირიკული კომედია კეთილი იუმორითა და  ირიბი სარკაზმით. მას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ,„გიორგი დანელიას კინო’’.  ის ცნობილია თავისი „ნაღვლიანი კომედიებით“, როგორც თავად უწოდებს საკუთარ შემოქმედებას.

გიორგი დანელია დაიბადა 1930 წლის 25 აგვისტოს  თბილისში. ოჯახი 1939 წლიდან საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც მამა, გენერალ–მაიორი ნიკოლოზ დანელია, მუშაობდა ჯერ საგზაო ინჟინრად, შემდეგ შახტის უფროსად და სსრკ-ის მეტრომშენის მთავარ ინჟინრად. დედა, მერი ანჯაფარიძე, წლების განმავლობაში მუშაობდა „მოსფილმში” ასისტენტად, მეორე რეჟისორად და როგორც დამდგმელმა რეჟისორმა, გადაიღო რამდენიმე მოკლემეტრეჟიანი ფილმი. ის გახლდათ ცნობილი ქართველი მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძის და.

მომავალმა რეჟისორმა თავდაპირველად მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი დაამთავრა. 1954-55 წლებში მუშაობდა არქიტექტორად ქალაქების პროექტირების ინსტიტუტში. არქიტექტურით გატაცება დაეხმარა შემდგომ რეჟისორულ მუშაობაში: „მომავალი სურათის ჩანაფიქრი ჩემთვის მისი ვიზუალური აღქმით, სურათის პროპორციების შერწყმით და თანაფარდობის რითმით იწყება, პირველადი განათლებით მე არქიტექტორი ვარ და როგორც ჩანს ამ კვალის წაშლა შეუძლებელია". მოგვიანებით „მოსფილმის’’ უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე ჩააბარა, აღნიშნული კურსი მიხეილ რომის ხელმძღვანელობით გაიარა და 1959 წელს „მოსფილმის" სტუდიაში კინორეჟისორად დაიწყო მუშაობა.

გიორგი დანელია რეჟისორია ფილმებისა: „არ დაიდარდო” (1969 წ.),  „იღბლიანი ჯენტლმენები” (1972 წ.), „აფონია” (1975 წ.), „მიმინო” (1977 წ.) და სხვ.  კომედიური ჟანრის პარალელურად დანელიამ შექმნა მელოდრამა „შემოდგომის მარათონი" (1979). ამ ლეგენდარულმა ფილმებმა მილიონობით მაყურებელს ლირიკული კომედიის გაუნუმეორებელი სამყარო აჩვენა და  დანელიასეულ სამყაროში ცხოვრების სურვილი გაუღვიძა.
გიორგი დანელიას არასდროს გაუწყვეტია კავშირი სამშობლოსთან. მის ფილმებში სისტემატურად მონაწილეობენ ქართველი მსახიობები და მოქმედების ადგილიც ხშირად საქართველოა. არის თბილისის საპატიო მოქალაქე (1985). მისი სცენარების ერთ–ერთი თანაავტორია რეზო გაბრიაძე. ფილმების უმრავლესობისათვის მუსიკა გია ყანჩელმა დაწერა, მანვე აჩუქა დანელიას მუსიკალური ნაწარმოები ორკესტრისათვის — „პატარა დანელიადა”.